გარდაიცვალა  იოსებ( სოსო) კეჭაყმაძე. დავწერე  ეს სიტყვები უფრო  სწორი  ვიქნები თუ   ვიტყოდი, ავკრიფე   და  ავხედე   კომპიუტერის   უტყვ   ეკრანს, ის    კი    არავითარ  ემოციას    არ    ამჟღავნებს  და   სრული    სიმშვიდით    ელოდება, თუ  როდის    გავაგრძელებ     მუშაობას. მას    ხომ ვერც     კი   წარმოუდგენია თუ  ვისზეა   საუბარი რომ   თემის „ გმირი დიდი   ქართველი    კომპოზიტორი იოსებ   კეჭაყმაძეა ჩემი   ძვირფასი    კოლეგა    და   დიდი   ხნის    სულიერი   მეგობარი ბოლო   წლების   განმავლობაში   აქტიურ  ქმედებას    გარიდებული, დროის    უკუღმართობასა  თუ  ადამიანურ    უმადურობას     შეგუებული. ადამიანი, რომლის   სახელთანაა   დაკავშირებული  თანამედროვე  ქართული   კლასიკური  მრავალხმიანი საგუნდო  მუსიკის აღზევება. რომლის  განუმეორებული   პიროვნული   ხიბლითაა  გაჯერებული  ყოველი   მისი    საგუნდო    მინიატურა, საგუნდო    ციკლი   თუ    საეკლესიო  საგალობელი, თეატრალური   თუ    კინო- მუსიკა. 

 ალბათ   ყველა    ბათუმელ     თეატრის    მოყვარულს    ახსოვს     სპექტაკლი „ ლამარა“- სათვის    მის   მიერ     შექმნილი    საოცარი     საგუნდო    პარტიტურა. ბათუმი    ვახსენე   და   აქვე  ავღნიშნავდი,   რომ მისთვის ჩვენი   პატარა   ქალაქი   იყო   სულიერი   ნავსაყუდელი რაზეც  ჩვენ   ბევრჯერ    გვისაუბრია, ასევე   ხშირათ  ვიხსენებდით   ორივესათვის   საყვარელ   სახელებს. განსაკუთრებით   კი   დირიჟორ   სოსო  მიქელთაძეს, რომელმაც    ბათუმის   სამუსიკო   სასწავლებელში   მისთვის ჩვეული   პროფესიული   ინტუიციით   მასში    დაინახა მომავალი   დიდი   ნიჭიერება   და  ადრეული    შემოქმედებითი   ძიებების  პირველი დაინტერესებული  შემფასებელი   გახდა ჩვენს  პირად  ახლო  ადამიანურ  თუ   კოლეგიალურ   ურთიერთობას   ბევრ  შემთხვევაში   სწორედ   ჩვენს  ბიოგრაფიაში   არსებული  „ ბათუმური“  ელემენტი   აძლიერებდა    და    განსაკუთრებულ    ელფერს     სძენდა. წლების   შემდეგ   კი   ერთ-ერთმა  პირველმა იოსებ კეჭაყმაძემ    გამოთქვა    სურვილი  ჩასდგომოდა    სათავეში    ბათუმში  ახლად     ჩამოყალიბებული    სამუსიკო    კერის, კონსერვატორიის    საკომპოზიტორო    და    საგუნდო   განყოფილების    წინსვლას.   მას განსაკუთრებით ახარებდა  ბათუმში    მოქმედი    საგუნდო    კოლექტივების   სერიოზული   შემოქმედებითი    წარმატებები სწორედ   ბათუმში   პირველი   შესრულების   უფლებებით    გაიჟღერა    ბევრმა   მისმა    ბოლო    პერიოდში  შექმნილმა   ნაწარმოებმა.

დღეს საქართველომ    დაკარგა    არა   მხოლოდ    დიდი     კომპოზიტორი, არამედ  ქართული    პოეზიის     ჭეშმარიტი     მოტრფიალეც, რომელმაც    შესძლო    მუსიკის   ენაზე  ახლებურად    წარმოეჩინა  და   უკვდავეყო    ქართული   ხალხური   თუ    პროფესიული     პოეზიის    მარგალიტები. ჩვენ    კი     დავკარგეთ    იშვიათი     კოლეგა, კეთილმოსურნე, ხელის გამმართველი,   სასიკეთო ქმედებისთვის    მუდამ   მზად  მყოფი ფიცხიცა    და   ამავდროულად      ბავშვურად      მიამიტი, მიმტევებელი.

 მისი      შემოქმედება  კი    დიდი   ხანია    რაც   ორგანული    ნაწილია    ქართული     გენოფონდისა. მან     მაქსიმალურად     გამოიყენა    ის   დრო რაც    მისთვის    მიწიერი    ცხოვრებისათვის    იყო    გამოყოფილი    და    ვალმოხდილი     მინებდა    უზენაესის  ნებას.

 

ღმერთმა აცხონოს   მისი     სული.

იოსებ  ბარდანაშვილი (კომპოზიტორი)

ისრაელი

 

 

Amfibi Web Search & Directory